მუხა, შაქარი და თორმეტ მეტრიანი ხეები



არ ვიცი რატომ ავირჩიე კვირა დღე. კვირას ხომ Tate-ი ქვიშხეთის დედათა და ბავშვთა სანატორიუმს ჰგავს; დედები თანამედროვე ხელოვნებით უწყალებენ გულს შეღონებულ ბავშვებს, სანამ მდინარის მეორე მხარეს მომუშავე ბანკირ ქმრებს ელოდებიან. კიდევ ერთი ასოციაცია- შაქარი, შაქრის პლანტაციები, კოლონიზატორები. Tate მუზეუმის დაარსებაც ხომ შაქრის მაგნატის, სერ ჰენრი თეიტის სახელს უკავშირდება. ‘ქაჯეთის ციხეს ჰგავს’, ამბობს მუხა,’თოიძის ნახატიდან. აქ თუ გნახეს, მერე პატივს გცემენ, აქედან გადიხარ ბაზარზე. დეზერტირების ბაზრის შესასვლელია!’ მუხას ვახსენებ რომ დეზერტირების ბაზარიც და მისი შესასვლელიც დიდი ხანია დაიკეტა. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ არ იქცეს ჩვენი საუბარი მოწუწუნე არტისტების მორიგ სესიად.
მუხა ძალიან გამხდარია და ოდნავ დაღლილი გამოხედვა აქვს.
‘არანაირ ინსპირაციას მუზეუმიდან არ ვღებულობ. ზოოპარკი მგონია. მე ჩემი პირადი ცხოვრებიდან ვხატავ, ვხატავ რასაც გადავაწყდები. შეიძლება იყოს გაზეთში დაბეჭდილი ფოტო’.
‘ყავა ძვირია, ბევრი დედებია. ბანკია. შეხვალ წიგნის მაღაზიაში და კატალოგი ასი ფუნტი ღირს. მე არ მხიბლავს და ვისაც ხიბლავს მოიხიბლოს.’ ვცდილობ გავიხსენო რისთვის მოვედი ამ კვირა დღეს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში. ცუდ ამინდში, თანაც ველოსიპედით. ადრე მუხამ მითხრა, Tate-ში ერთი ხის ქანდაკება აქვთ და ეგ არისო ყველაფერი, ღვთაებრივი ხელოვნება. მაგრამ სანამ ქანდაკებამდე მივალთ…
‘აქ წარმოდგენილი თანამედროვე ხელოვნება არის ძალიან იმპერიალისტური. იმიტომ რომ ძირითადად ბრიტანული ქანდაკება და ბრიტანული ფერწერა აქვთ. სხვათაშორის, ბრიტანული ხელოვნება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კომერციული და სუსტია’.
-ისევე როგორც კინო.
-შეიძლება. სამაგიეროდ პერიოდის დრამა ხომ აქვს კარგი..
მესამე სართულზე ფეხით ავდივართ. როდკოს ოთახს ჩავუარეთ.
-აფუჭებდა ტილოებს და ხაისათსაც იფუჭებდა. ბოლოს ადგა და თავი მოიკლა.
დე კირიკო.
-დაჩირდა ჩირიკოს ბანანები.
-აი ეს მხატვარი არ მიყვარს. ბეკონი არა ბეიკონი და ინგლისური საუზმე კიდევ!
-ეს ხო მოდილიანია? რა მაგარი ფერია. აი ეს მინდა მქონდეს!
-მე ის, პიერ ბონარი.
-ა, ბონარია? კი, ჰგავს.
ვიცინით.
-ჯაკომეტი აქ მახსოვდა და სად წაიღეს?
-წამოდი, მოვნახოთ.
დარბაზები ერთმანეთს ცვლიან, ჯაკომეტის ვერ ვპოულობთ.
-ეს მიყვარს.
-ვინ, დიუშამბი?
-ჰო
ოთახში ვიდეო მონიტორები დგას და მოლაპარაკე თავები რაღაცას ბუტბუტებენ.
-არა კაცო, ვიდეოს თავი სადა მაქვს! ნახატებს ვუყურებ. მე შუასაუკუნეების ტიპი ვარ.
შუასაუკუნეების თეოდორე მუხიგულს ვუხსნი, როგორ მონახოს ჯაკომეტი მუზეუმის ულტრა თანამედროვე კომპიუტერულ კატალოგში. კიბეებზე ჩავდივართ. გზაში დევიდ ჰამონსის ვიდეოს გადავაწყდით, ორივეს მოგვწონს.’ ზანგია ხომ იცი’, სურათებს ვიღებ, ვერავინ გვამჩნევს.
ვიტო აკონსი, იტალიელი მახინჯი ვიტო.
სპენსერი- ‘ჟუტკი’, იქვე ბეკმანი.
დონალდ ჯადი, დონალდ დაკი და დონალდ რამსფელდი.
‘იცი რას გავაკეთებდი? ერთ დიდ საგამოფენო დარბაზში წაგებული პოლიტიკოსების გამოფენას. დავახატინებდი რამეს და მერე გამოვფენდი, რომ ყველამ დასცონონ’.
ჯოზეფ ბოისი.
-არა, რა დროს ბოისია, აი ამის სანახავად მოგიყვანე!
ამას მე ვეძახი რას იცი?! ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც.
ჯუზეპე პენონე. თორმეტ მეტრიანი ხე. გეფიცები, მიქელანჯელოა!
‘ეს ხის მორი ძალიან დიდი ხის ნაწილია. ჰოდა, რა გააკეთა? ახალგაზრდობა დაუბრუნა ხეს! ეს არის ზუსტად ის რაც იყო ახალგაზრდობაში, ანუ პირველადი. პოეზია და მათემატიკა გააერთიანა. ჩემთვის ეს ნამუშევარი არის მართლა ღვთაებრივი ხელოვნების ნიმუში.’
‘პირველად რომ ჩამოვედი, მაშინ ვნახე. ნამდვილი ზღაპარი: ბავშვობაში გადაიყვანა ხე, ბავშვობა დაუბრუნა. ზუსტად ეს არის ხელოვ(ა)ნება: რაღაცას ხელი არ უნდა ჰკრა, სამყაროს აღქმა უნდა გქონდეს სწორი და დახვეწილი. რომ ვუყურებ გეფიცები თუ არ მშურდეს, ეს ძალიან იშვიათი რამაა ჩემთვის.’
-ჯაკომეტი სად წაიღეს?
ისევ მესამე სართული. ‘ჩიტო-გვრიტო ნეაპოლიტანური სიმღერაა და ჯოზეფ ბოისი შერლატანი ფაშისტია’.
-აი ‘ჯაყომეტიც’!
-მართლა გგავს.
არ ვიცი საიდან გაჩნდა უცებ ოთახში რამოდენიმე რუსი ტურისტი, ‘პროფილი გავსო’, რუსულად მოგვაძახეს და გზა განაგრძეს. სურათი გადავიღე, ამჯერად ყველა ჩვენ გვიყურებს. ხვალ ალბათ გარდიანში დაწერენ რომ Tate-ში დაფეთებულმა ტურისტებმა ჯაკომეტის აჩრდილი ნახეს, რომელიც მესამე სართულზე თავის ქანდაკებასთან სურათებს იღებდა.
By Clara Emigrand
