London International Documentary Festival 2011
ლონდონის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, დიკენსის სახლმუზეუმსა და ნაციონალურ მუზეუმს შორის საკმაოდ ძნელად მისაგნებ პატარა დარბაზს Horse Hospital-ი ჰქვია და მას თავისი ისტორია აქვს. აქ წლების მანძილზე ისეთ კინოს უჩვენებენ რომელიც პასუხის გაცემის ნაცვლად მხოლოდ კითხვებს სვამს და მაყურებელს აზროვნებისაკენ მოუწოდებს. ყოველ წელს აქ იმართება ლონდონის კინო ფესტივალის ექსპერიმენტული კინო პროგრამის ჩვენებაც, ალბათ იმ მოსაზრებით რომ მსგავსი კინოს მოყვარულები ნაციონალური კინო ცენტრის უზარმაზარ დარბაზს ვერ გაავსებენ. გამიხარდა, რომ გუშინ სწორედ აქ გაიმართა ალექსანდრე ქვირიას ფილმის ‘გორელოვკა-თემი გაქრობის პირას’ პრემიერა.
ფილმის განხილვას და რეჟისორთან ინტერვიუს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
მანამდე კი ერთი საინტერესო ამბავი.
ფილმის შემდეგ კითხვა-პასუხი ალექსანდრეების (ალექსანდრე ქვირია და ბი ბი სი-ს კორესპონდენტი ალექსანდრე ხანი) მონდომების მიუხედავად ქართულ-რუსული პოლიტიკის განხილვაში გადაიზარდა. მაყურებელი საკმაოდ გამოაცოცხლა შუახნის ინგლისელი ქალბატონის გამოსვლამ, რომელიც ვერ მიმხვდარიყო რატომ არ სურდათ გასტროლებზე მყოფ ქართველ მსახიობებს რუსულად საუბარი. აღმოჩნდა, რომ მან სწორედ რუსული და პოლონური იცოდა, ჩვენების შემდეგ კი ისიც გაგვიმხილა მართლა ინგლისელი არ გეგონოთ პოლონელი ებრაელი ვარო…
ენა, როგორც კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება - მგონი არსებობს წიგნი ამ სათაურით? აღარ მახსოვს. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.
by Clara